X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

დაბა საგურამოში დავით გურამიშვილის ძეგლი და დასასვენებელი პარკი გაიხსნა

9 ნოემბერი 2019

დაბა საგურამოში დღეს დავით გურამიშვილის ძეგლი და მისივე სახელობის პარკი გაიხსნა. 

2017 წლამდე ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. პარკის მოწყობასა და თანმდევ სამუშაოებზე 800 000 ლარამდე დაიხარჯა და ეს თანხა სრულად დაფარა საქველმოქმედო ფონდმა “ქართუ“.

პარკის გახსნა ადგილობრივებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიულოცა.

„ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან სოლიდური თანხები იხარჯება საბაზისო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სამწუხაროდ, საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევთ ასეთი ტიპის პროექტებს. იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი, საბედნიეროდ „ქართუ“ გვეხმარება და ეს პროექტიც არის საქველმოქმედო ფონდთან სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ორწლიანი სამუშაოების შედეგად, ეს სივრცე ოჯახური დასვენების, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული აქტივობების ინტეგრირებულ პლატფორმად იქცა. უნიკალურ ეკოსისტემაში თავმოყრილია ულამაზესი ენდემური ბუნება, ამფითეატრი, სპორტული მოედნები, საბავშვო გასართობი ზონა და ავტოპარკინგი.